ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლა 30 წელია მიმდინარეობს და "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებული აქციების შედეგად, ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას დაჰპირდა. თუმცა ეს დაპირება მორიგი ტყუილი აღმოჩნდა, რამაც პროტესტის ახალი ტალღა ააგორა. დაიწყო კამპანია "ერთად ერთის წინააღმდეგ". საბოლოოდ საერთაშორისო დიპლომატების ჩართულობით დაიგეგმა შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რასაც თავად აქციის ორგანიზატორები არ ესწრებიან.
"მნიშვნელოვნად მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც არ ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოაჩინოს და უთანხმოების კერები გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობაში.
თუმცა, თუ მინიმალური შანსი მაინც არსებობს, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად ბიძინა ივანიშვილი წავა დათმობაზე, შემოთავაზებული ფორმატის მიუღებლობის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს მისი ობსტრუქციის მორალური უფლება", - წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების პროცესი ან მისი შედეგი არ იქნება სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინებთან შესაბამისი, პროტესტი კიდევ უფრო მწვავე ფორმატში გაგრძელდება.
"სამოქალაქო საზოგადოება არასდროს შეურიგდება პოლიტიკურ კომპრომისებს ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე", - ნათქვამია განცხადებაში.